მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰალიჩი (უკრ. Галич) — ქალაქი უკრაინაში, ივანო-ფრანკივსკის ოლქში, მდინარე დნესტრის ორივე ნაპირზე. ჰალიჩის რაიონის ცენტრი, რკინიგზის სადგური, საავტომობილო გზების კვანძი. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 6307 ადამიანი. ჰალიჩის ჩრდილოეთით 5 კმ-ზე მდებარეობდა ძველი რუსული ქალაქი. ჰალიჩი პირველად იხსენიება 1140 წელს იპატის მატიანეში. 1144 წლიდან ჰალიჩის სამთავროს ცენტრი იყო. 1199 წელს რომან მსტისლავის ძის დროს გალიჩ-ვოლინის სამთავროს დედაქალაქად იქცა. 1241 წელს მონღოლებმა დაანგრიეს. შემორჩენილია პანტელეიმონის ტაძარი (ქვით ნაგები, მოჩუქურთმებული; აგებულია 1200 წელზე ადრე, გადაკეთებულია XVII საუკუნეში), მიძინების ტაძრის (1157) ქვის კედლების ნაწილები, ქალაქის მიწაყრილებისა და თხრილების ნაშთები. არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ ჰალიჩი აღმოცენებულია X საუკუნეში. 1940 წლამდე იყო დაბა.
- Костик М. Галич // Енциклопедія сучасної України